აშშ-ის დეპარტამენტმა 90 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს დაადგინოს – პასუხობს თუ არა რუსეთი ისეთი ქვეყნების კრიტერიუმებს, რომლებიც ტერორიზმის სპონსორები არიან.
ამიერიდან, სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 თვის ვადაში უნდა გადაწყვიტოს და აცნობოს კონგრესს, პასუხობს თუ არა რუსეთი აშშ-ის კანონმდებლობის კრიტერიუმებს, რომ მისი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნების სიაში შეყვანა მოხდეს.
აღნიშნულ სიაში ამჟამად შეყვანილია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, სირია და სუდანი.
ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებს სანქციები უწესდებათ, მათ შორის აშშ-ის მხრიდან დახმარება; თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი და გაყიდვა; ორმაგი დანიშნულების ზოგიერთ საქონელზე კონტროლის გამკაცრება; ასევე სხვა სახის ფინანსური და ტიპის შეზღუდვები.
როგორც კანონპროექტის ინიციატორმა რესპუბლიკელმა სენატორმა კორი გარდნერმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „აგრძელებს მცდელობას საერთაშორისო სტაბილურობასა და მშვიდობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს“.
„რუსეთი მეზობელ საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა, ბაშარ ასადის სისხლიან რეჟიმს უჭერს მხარს, არჩევნებში ერევა და დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომს აწარმოებს“,-თქვა გარდნერმა.