ელიზაბეთ რუდი: აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან უაღრესად მტკიცე თანამშრომლობა აქვს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის თქმით, აშშ საქართველოსთვის დახმარებას აგრძელებს, მათ შორის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისითაც.
როგორც მან ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომის შემდეგ განაცხადა, მათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მტკიცე თანამშრომლობა აქვთ.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომაში. აშშ ერთგულად აგრძელებს საქართველოსთვის დახმარების გაწევას მათ შორის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს სრულად მომზადებული, მოახდინოს პრევენცია და უპასუხოს ნებისმიერი ტიპის საფრთხეს, რაც უკავშირდება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ მასალებს. უკვე წლებია, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს იმ სააგენტოებს და სამინისტროებს, რომლებიც მუშაობენ ეროვნული უსაფრთხოების ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უაღრესად მტკიცე თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რაც გულისხმობს სამუშაო ჯგუფების ორგანიზებას, ტექნიკური დახმარების გაწევას, ამ მიმართულებით არსებული საფრთხეების საპასუხოდ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პარტნიორ სააგენტოების მეშვეობით“,- განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ცნობისათვის, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის“ რეგიონული სამდივნოს, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრისა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.