სააკაშვილი ზურაბიშვილის განცხადებაზე: ეს არის გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების შეურაცხყოფა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ, ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროს შეურაცხყოფაა.

“გაყალბებული არჩევნების შედეგად ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულმა თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი. ეს არის აბსოლიტურად პირდაპირი გამოხატულება რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს.
ეს არის გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე, რომლებმაც ჩამოაგდეს ცამეტი თუ თოთხმეტი საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არ გაუკეთებია არავის. ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს სახელს. ეს არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე ასობით ათასი ვეტერანის საქართველოს შეიარაღებული ძალების. ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების.
რას ნიშნავს არა გვაქვს იარაღი?! საქართველო აწარმოებდა საწარმო “DELTA”-ში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში. ეს ის ზურაბიშვილია, რომლის პატრონმა ამას წინათ აფრინა ჰააგაში მინისტრი წულუკიანი ერთადერთი თხოვნით, რომ დააჩქაროს ქართველი სამხედროების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში საერთაშორისო სასამართლომ, იმ ყალბი მასალების საფუძველზე, რომელიც გადასცა ივანიშვილის დავალებით სუსმა და წულუკიანის უწყებამ. ეს ხალხი არის საქართველოს შეგნებული მტერი! საქართველოში აუცილებლად გათენდება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. მისი თქმით, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები