ქეთევან ციხელაშვილი: ქვეყანაში ფეიკ ნიუსების ფრონტია გახსნილი
ზოგიერთ აჟიტირებულ “აქტივისტს” ვეტყოდი, არ ინერვიულოთ, ჩემი მეუღლის კომპანიის წლიური ბრუნვა 120 000 ევროა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ქვეყანაში ფეიკ ნიუსების ფრონტია გახსნილი.
“რაღა რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია?!
აგერ შიგნით არის გახსნილი ფეიკ ნიუსების ფრონტი:
ხან 9 მილიონი მაქვს, თურმე, რაც ბუნებაში არ არსებობს და ხან რაღაც ბიზნესი – მთლად შენ გაქვსო ვერ თქვეს, მაგრამ აგერ შენს ქმარს, მის კომპანიას უფრო სწორად, რატომ აქვს სამეწარმეო საქმიანობიდან ნახევარი მლნ ლარი წლიური შემოსავალიო ?!?!
ოღონდ, ჩემთვის არ უკითხავთ ეგ, ეს კითხვა თავად დასვა ეთერში ერთ-ერთი მედია საშუალების კორესპონდენტმა და თავად უპასუხა, რომ არ ვსაუბრობ ამაზე.
ხოდა მათ და ამით აჟიტირებულ ზოგიერთ “აქტივისტს” ვეტყოდი, რომ ჩემი ქმარი გერმანიის მოქალაქეა, მუშაობს ბერლინში და “ბიზნესები” კი არა, მცირე საკონსულტაციო კომპანია აქვს, სადაც რამდენიმე ადამიანია დასაქმებული.
არ ინერვიულოთ, მისი კომპანიის წლიური ბრუნვა 120.000 ევრო რომელსაც ეს ხალხი კანონიერი შრომით გამოიმუშავებს, დაბეგვრის შემდეგ თითქმის ნახევრდება, მერე 12 თვეზე იყოფა და მერე თანამშრომლების ხელფასებზე ნაწილდება.
ცოტა მათემატიკა”, – წერს ციხელაშვილი.