ცოტნე ზურაბიანი: უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები
„უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები,”- ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ახალი არაა, რომ დეზინფორმაციის საშუალებით გარკვეული აზრი შექმნას.
“უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები. ეს არახალია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. ესაა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ წლების განმავლობაში და არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია. ახლაც ანალოგიური მეთოდებით ეცადნენ, რომ დეზინფორმაციის საშუალებით გარკვეული აზრი შეექმნათ, მაგრამ როგორც ბევრჯერ, ისე ახლაც, აბსოლუტურად წარუმატებელი იყო მათი მცდელობა”,- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტარების აღშფოთება გამოიწვია იმ 85 კაციანმა სიამ, რომელიც მათ ოპოზიციის მხრიდან გადაეცათ, მისივე თქმით ოპოზიციის დეზინფორმაციის საპასუხოდ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მათი ვერცერთი მოთხოვნა ევრონესტის მხარდაჭერის გარეშე დარჩა.
“ყველა ინიციატივა, რომელიც ოპოზიციას სურდა, რომ გასულიყო მხარდაჭერის გარეშე დარჩა. მინდა კონკრეტული ფაქტი ვთქვა, რამაც ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩვენი ევროპელი კოლეგების – ეს გახლდათ ის 85 კაციანი სია, რომელიც მათ მიაწოდეს და უთხრეს, რომ ქვეყანაში არის ათობით პოლიტიკური პატიმარი და უმძიმესი რეალობის წინაშე ვდგავართ. რეალობა არის სულ სხვანაირი. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი პირდაპირ გათავისუფლდა სასამართლო დარბაზებიდან, ნაწილს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა და რაღაც ნაწილი მხოლოდ რამდენიმე დღით იხდიდა ადმინისტრაციული პატიმრობის სასჯელს”,-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.