ჯარისკაცები, პოლიციელები, მასწავლებლები – ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასები 2020 წელს
საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასები,რა წერია ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში?
ახალი ბიუჯეტის თანახმად,2020 წელს ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებსა და მასწავლებლებს ხელფასები, პენსიონერებს კი პენსია გაეზრდებათ.
1-ლი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები საშუალოდ 125 ლარით გაეზრდებათ. ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდა კი მიმდინარე წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მათი წოდებების შესაბამისად გაგრძელდება.
ჯარისკაცების, მეხანძრე-მაშველების, პოლიციელების და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასებზე 2020 წელს ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი გაიხარჯება.
ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ხელფასები 150 ლარით გაეზრდებათ საჯარო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს. აღნიშნული კატეგორიის მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში 140.0 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.
მომდევნო წლის 1-ლი სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვ.).ამ მიზნით ბიუჯეტში 15 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
გარდა ამისა, სოციალური დანახარჯებისთვის, დამატებით, გამოყოფილია 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც,შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა, ხოლო 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა.
ახალი ბიუჯეტით გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაც,რისთვისაც ბიუჯეტში 280 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.