ბიზნესომბუდსმენი FDI-ს ზრდაზე: რეინვესტირების ციფრები ადასტურებს, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს
ეს ციფრები არის მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს, – ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი 2019 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13,7%-იან ზრდას.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-იმ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.
“2019 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13%,7-ით გაიზარდა. გაზრდილი FDI-ს უდიდესი წილი მოდის რეინვესტირებაზე და ნაწილდება ორ ძირითად სექტორზე, ესენია – საფინანსო სექტორი და მშენებლობა. ვფიქრობ, რომ ეს ციფრები არის მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს,”- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
მიხეილ დაუშვილი ინვესტიციების 9 თვეში ჯამურად შემცირების მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ეს ნავთობის სექტორში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასრულებით არის გამოწვეული.
„რაც შეეხება 9 თვის ჯამურ მონაცემს, კლება ძირითადად წლის პირველ და მეორე კვარტალში FDI-ს შემცირებას უკავშირდება, რაც გამოწვეულია ნავთობის სექტორში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასრულებით,”- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.