თეა წულუკიანი: ლეგენდებია, რომ ციხეებში „კანონიერი ქურდების“ მმართველობაა, ციხეს მართავს სახელმწიფო
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებით კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა გამოიკვეთა.
მინისტრის თქმით, ციხეს მართავს სახელმწიფო და არანაირი “კანონიერი ქურდის“ მმართველობა არცერთ დაწესებულებაში არ არის.
„კარგად მესმის ის სფერო და ტვირთი, რომელიც ნინო ლომჯარიას აკისრია. როდესაც რაღაც გაქვს ამ სფეროში სათქმელი, იძულებული ხარ შეაჯამო სათქმელი და მოკლედ თქვა. თუმცა ამ მოკლე სათქმელში მე, როგორ პენიტენციურ სისტემაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი სულ სხვა მოლოდინი მქონდა, რომ პრობლემა იქნებოდა დასახელებული. მაგალითად, ველოდებოდი, ანგარიშში იტყოდა პირველ რიგში იმას, რომ წლებია არსებობს ჩვენ საპატიმროებში პრობლემა, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მომსახურების რიგებს. პატიმრები რიგებში არინ იმისთვის, რომ 12-14 თვეში იმედი ჰქონდეთ, რომ რომელიმე სამოქალაქო კლინიკაში გავლენ და ოპერაციას ჩაიტარებენ. რეალურად არის პრობლემა და პირდაპირ უკავშირდება სიცოცხლის უფლებას. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ 2020 იყოს ის წელი, როდესაც რიგები არ დადგება სამედიცინო მომსახურებისთვის.
როდესაც სახალხო დამცველის 10 დეკემბრის ანგარიშში ასეთი გამოწვევა არ არის და გარკვეულ ლეგენდებზე დაფუძნებული პრობლემა, ვითომ ავტორიტეტების მიერ მართულ ციხეებზე ხვდება მის ანგარიშში, მიჩნდება კითხვა. ამიტომაც რაკი ქალბატონმა ნინომ თავად თქვა, რომ მის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მზად არის ემუშაოს უწყებებს, მე ვისარგებლებ ამ შემოთავაზებით და მას ვთავაზობ, ჩემთან ერთად რომელიმე იმ დაწესებულებაში რომელსაც ის ხელს დაადებს წამოვიდეს, შეხვდეს რიგით პატიმრებს. ვინაიდან რაც ის დაინიშნა სულ 3-4 ჯერ არის დაწესებულებაში ნამყოფი და შეხვდა თუ ერთ შემთხვევას არ ჩავთვლით ე.წ ცნობილ პატიმრებს. არადა სახალხო დამცველი რიგითი პატიმრების სახალხო დამცველიც არის. წამობრძანდეს ჩემთან ერთად ეგრეთ წოდებულ ზონებში, თუ ეს არის მისი ინტერესის საგანი, ჩამოართვას ხელი პატიმრებს, ჩემთან ერთად და მათთან ერთად ვისაუბროთ და გადავჭრათ თუკი რაიმე პრობლემა არსებობს.
მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს ციხეებს მართავს სახელმწიფო. ის სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრების უფლებებზე. მე დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარიამ ეს ჩემსავით კარგად იცის. რადგან ის ბევრ საქმეში ჩვენი პარტნიორი ყოფილა. თუ მისთვის ამგვარ დაწესებულებებში ჩემთან ერთად სიარული და პატიმრებთან შეხვედრა მისაღები არ არის, რა თქმა უნდა, მე შემიძლია, რომ მას შევთავაზო მუშაობის სხვა მოდელი. მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ კონკრეტულ თემაზე დებატი და განვიხილოთ, რა არის პრობლემა. ეს არის ლეგენდა, საბჭოთა დროის გადმონაშთი, რომელზე საუბარს თვითონვე ერიდება და რატომ ერიდება არ ვიცი. მე, ჩემი მხრიდან ღიად ვაცხადებ, რომ არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არცერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.