პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე ქართული ღვინო წარმოადგინეს
პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის – „შეიცანი საქართველო” ფარგლებში მიმდინარეობს.
ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა პოლონელ მომხმარებელს უკვე ჰქონდა ქალაქ ოპოლეში, დეკემბრის მეორე ნახევარში ანალოგიური ღონისძიებები ტორუნსა და უსტრონში გაიმართება.
სტუმრებს საშობაო ბაზრობებზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში ქართულ ღვინოსთან ერთად ქართული სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობაც ეძლევათ.
ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთში უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნულ ქვეყანაში განხორციელებული მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია 2019 წლის 11 თვის მონაცემებითაც: საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3,7 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 24%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.