საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ჯგუფი, საარქივო მასალებს გადახედავს
საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით ექსპერტების შეხვედრა თვის ბოლოს, თბილისში შედგება.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰალაფ ჰალაფოვმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე არა მარტო „ბოლო დროინდელი დაკვირვებების განხილვა, არამედ ზოგიერთი საარქივო მასალის განმეორებითი გადახედვა მოხდება“.
„სახელმწიფო საზღვრის 2/3 შეჯერება მოვახერხეთ, დარჩენილია 1/3. აქ გარკვეული უთანხმოებაა, ზოგიერთ დოკუმენტს განმეორებით უნდა გადავხედოთ, ექსპერტების უკანასკნელი შეხვედრა ორი თვის წინ შედგა. შეხვედრების გაგრძელებაზე შევთანმხდით, რადგან პროგრესს ვერ მივაღწიეთ, არსებობს გაურკვეველი მომენტები, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, – განმარტა ჰალაფოვმა.