თბილისში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, მისი ძმა კი მძიმე მდგომარეობაშია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაშია მისი 22 წლის ძმაც.

ექიმის, მაია თოფჩიშვილის ინფორმაციით, ბიჭი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი, მოგვიანებით კი ოჯახის წევრებმა სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

“32 წლის, ქალი, სავარაუდოდ, ნახშირბადის მონოქსიდის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით შემოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკული, 17:45 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ასევე, შემოიყვანეს მისი 22 წლის ძმა, რომლის მდგომარეობაც ასევე იყო კრიტიკული, ის გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, მოვათავსეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგაც პაციენტი, ოჯახის წევრების მოთხოვნით, სხვა კლინიკაში გადაიყვანეს,” – განაცხადა ექიმმა.

შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, მესხის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, სადაც ტრაგედია, მოხდა გაქირავებული იყო. მომხდართან დაკავშირებით კომპანია “თბილისი ენერჯიმ” განცხადება გაავრცელა. კომპანიაში ამბობენ რომ ბინაში აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაჭრეს, თუმცა ის ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს. მათივე ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი ბინაში გროვდებოდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები