„ამირანში“ მკრეხელურ ფილმს აჩვენებენ“ – გურამ ფალავანდიშვილი საპროტესტო აქციებს აგრძელებს

საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“ იმართება, მკრეხელურ ფილმს აჩვენებენ, – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოეობის” თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა, ახალგაზრდული ცენტრ „ზნეობის” წარმომადგენელმა დავით ლორთქიფანიძემ და დეკანოზმა ლევან ანთაძემ განაცხადეს.

როგორც გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, კინოფესტივალის პარალელურად, აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

„ჩვენ უკვე ერთი კვირაა ვაპროტესტებთ საერთაშორისო კინოფესტივალს. გუშინ კიდევ ერთი ლგბტ ფილმი აღმოვაჩინეთ. ცოტანი ვიყავით, ამიტომ დავაწერეთ ჩვენს ერთ- ერთ პლაკატს – „დაასიგნალე“. ცოტანი რადგან ვიყავით, გვინდოდა ხალხის რეაქციის გაგება და მართლაც, ძალიან ბევრი სიგნალი იყო, რომელიც მხარს უჭერდა ჩვენს პროტესტს.

დღეს, რომელი ფილმიც 12:00 საათზე გადის, არის კანის საერთაშორისო ფესტივალზე პალმის რტოს მფლობელი, ანუ ლგბტ ფილმების ლიდერია, ყველაზე მეტი გავლენა შეუძლია, მოახდინოს, ამიტომაა გამარჯვებული. ჩვენ კიდევ დავდგებით დღეს 12 :00 საათზე „ამირანთან „ და ხალხს მოვთხოვთ, რომ დაასიგნალონ და ასევე საღამოს 21:00 საათზეც გადის მკრეხელური ფილმი, „ღმერთი ცოცხალია და მას პეტრუნია ჰქვია“. ჩვენ მისი აფიშა მოვიძიეთ, სადაც შიშველი ქალი წევს და ჯვარი ადევს. 21:00 საათზეც გავმართავთ აქციას“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

დეკანოზმა ლევან ანთაძემ მრევლს მოუწოდა, აღნიშნული ფილმები არ ნახონ.

„ეკლესია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ყოველი ცოდვის პროპაგანდას, მით უმეტეს, ისეთი ცოდვის პროპაგანდას, როგორიცაა სოდომური ცოდვა. ამ ფილმებში წარმოჩენილია ყოველივე ამ ცოდვასთან დაკავშირებული ქმედებები. ჩვენი მოწოდებაა, არ მიიღონ ჩვენმა თანამემამულეებმა ამაში მონაწილეობა ირიბადაც. ამ ფილმებზე დასწრება ხომ პირდაპირი მნიშვნელობით ხელშეწყობაა პროპაგანდის. ვფიქრობ, არგამოხატვა წინააღმდეგობისა ამ ფესტივალისადმი, ირიბი მხარდაჭერა გამოდის და ვალდებულები ვართ, ეს პროტესტი გამოვხატოთ და ვთქვათ, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. არ შეიძლება ხელოვნების საფარველქვეშ წარმოდგენილი იყოს ცოდვის პროპაგანდა. ეს ერთ-ერთი რგოლია იმ დიდი ჯაჭვის, რასაც ჰქვია ეკლესიის, ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა დეკანოზმა ლევან ანთაძემ.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ფესტივალი სრულდება კვირას, 8 დეკემბერს და აქციები დასკვნით დღესაც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები