ლევან ნიკოლეიშვილი: ნიკა გვარამიას დღევანდელი განცხადება პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების დამხობისკენ
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას დღევანდელ პოსტს გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ მან რევოლუციური სცენარისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გამოაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს დესტრუქციული სცენარი, რევოლუციური და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა.
“სიმართლე უნდა ითქვას: რევოლუციური სცენარისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა… იმას, რასაც სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ისტერიკულად ამბობდა, ორი დღის წინ ჯერ გუბაზ სანიკიძემ პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების მიმართ ორლულიანი თოფებით მუქარით გამოხატა, დღეს კი ნიკა გვარამიამ პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლების დამხობისკენ… არადა, რომ გეკითხათ, საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის იბრძვიან, ვითომ მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ… სინამდვილეში კი დესტრუქციული სცენარი – რევოლუციური და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაა! საზოგადოებისა და ხალხის დაპირისპირება, მაქსიმალურ გახლეჩაა, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეშლაა.
მანამდე გაგახსენებთ, როგორ იქნა შემოგდებული ნატოში გაწევრიანების იდეა, პოპულისტური სცენარით – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ისევ ნატოს ოფიციალურმა პოზიციამ გადაუსვა ხაზი ამ პროვოკაციას, რომელიც, პირდაპირ უნდა ითქვას, დასავლური და ევროატლანტიკური ფასეულობების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. შემდეგ დეოკუპაციის იდეის კვლავ პროვოკაციულად გამოყენება, სწორედ იმ ხალხის მიერ, რომლებიც რეალურად რუსეთთან ერთად ოკუპაციის თანაავტორები არიან ან ერთი დღეც არ უმსახურიათ ქართულ ჯარში (ვინ იცის, რა მიზეზით დაუხსნიათ თავი – მოგონილი თუ ნამდვილი ავადმყოფობით თუ ფსიქიკური მდგომარეობით!). ახლა კი ხელისუფლების დამხობის ღია მუქარა, არეულობის მოწყობა, ხალხის დაპირისპირება, ქვეყნის ეკონომიკის განადგურება! თუ რამის თავი გაქვთ, არჩევნებით დაამტკიცეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად მოახდინეთ თვითლუსტრაცია საზოგადოების თვალში. არჩევნების რეალურად ეშინიათ!
ქვეყანა, სამშობლო არ გიყვართ???, “ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ინფორმაციისთვის, “მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “უზურპატორი უნდა დავამხოთ”.
“საქართველოში უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს “ქართული ოცნების“ მომხრეები რომ იყვნენ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ ! სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ,” – წერს ნიკა გვარამია.