საქართველო ევროპის საბჭოს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს
ევროპის საბჭოში საზეიმოდ გაიხსნა ტრადიციული საშობაო ბაზრობა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა.
საშობაო ბაზრობის გახსნის ღონისძიებაზე სტრასბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა – სოფო ირმაშვილმა და მარიამ შუბითიძემ ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს, რამაც შეკრებილი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისათვის დათმობილ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს საიმიჯო და საპრომოციო მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის, ბროშურები და ბუკლეტები ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ღვინის უძველესი კულტურისა და ქართული ენის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საშობაო ბაზრობა მიმდინარე წელს 2 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს ორივე შენობაში იმართება – პირველ კვირაში ბაზრობას “ევროპის სასახლე”, ხოლო მეორე კვირაში – “აგორა” მასპინძლობს.