ბექა ლილუაშვილი: “TANAP”-ის პროექტის შედეგად შეღავათიან პირობებში 1,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზით ვისარგებლებთ
“TANAP”-ის პროექტის შედეგად შეღავათიან პირობებში 1,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზით ვისარგებლებთ, რაც ქვეყნის დღევანდელი მოხმარების თითქმის ნახევარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის (TANAP) პროექტის შეფასებისას განაცხადა.
ბექა ლილუაშვილმა საქართველოსთვის პროექტის ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრა.
“ეს წლიურად დაახლოებით არის 330 მილიონი მეტრ კუბი გაზის უფასო ტრანსფერი, რომელსაც, როგორც მასპინძელი ქვეყანა ესე ვიღებთ. არსებობს მეორე ხელშეკრულებაც, რომლის ვადაც არის 2026 წლამდე და ეს გულისხმობს 500 მილიონი მეტრ კუბი გაზის საბაზრო ტარიფთან სამჯერ უფრო იაფად შესყიდვას. რაც შეეხება პროცესს, როდესაც სამხრეთ გაზის დერეფანი მთლიანად დაიტვირთება, დაახლოებით 2024 წლისთვის დერეფნის დატვირთვა 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება იქნება. აქედან საქართველო 5 პროცენტიან პირობებში, როგორც ტრასფერს მიიღებს დაახლოებით მილიარდ ას მილიონ კუბურ მეტრ გაზს და დამატებით 500 მილიონ მეტრ კუბ გაზს, ასევე შეღავათიანი ტარიფით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ფისკალური ეფექტიც შეაფასა და განმარტა, რომ ეს თითქმის 200 მილიონი დოლარის შეღავათია, რასაც ქვეყანა, როგორც ფისკალურ ეფექტს ამ პროექტის დატვირთულობის ზრდის შედეგად მიიღებს.
“გარდა ფისკალური ეფექტისა, ბუნებრივია, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების ნაწილიც და ჩვენი ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირება გამოიწვევს იმას, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კონტექსტი მნიშვნელოვნად გამყარდება“, – განმარტა ლილუაშვილმა.