გიორგი კახიანი: “გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ამას ხვდება ფაქტობრივად ყველა
ერთ-ერთი რაც ოპოზიციასთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი, სწორედ ისაა, რომ ისინი ქუჩიდან ისევ საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდნენ და ერთად ვიფიქროთ 2020 წლის არჩევნებისთვის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა რეგიონალური საპარლამენტო კონფერენციის დაწყებამდე თემაზე: “საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ: ეროვნული პარლამენტების როლი”, ე.წ.გერმანულ მოდელზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი კახიანმა კითხვაზე, შეიძლება თუ არა ადგილი ჰქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილებას უპასუხა, რომ მმართველი გუნდი ცვლილებებისთვის ყოველთვის მზადაა, თუ ეს შესაძლებელია.
“ჩვენ მოვუსმენთ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციებსა და მოსაზრებებს, და ბუნებრივია, კონფერენციის შედეგებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ბევრ რამეზე ვიფიქროთ, მაგრამ ზოგადად კანონმდებლობაშიც თუ შესაძლებელია რაიმე ცვლილების განხორციელება, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. ამასთანავე, ერთ-ერთი რაც ოპოზიციასთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი, სწორედ ისაა, რომ ისინი ქუჩიდან ისევ საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდნენ და ერთად ვიფიქროთ 2020 წლის არჩევნებისთვის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაზე”, – განაცხადა კახიანმა.
კითხვაზე, თუ რატომ არის მიუღებელი მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული „გერმანული მოდელი” უპასუხა, რომ „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
“ოპოზიციამ ფაქტობრივად თავისი თავიც და ეს პროცესიც ჩიხში მოაქცია, რადგან გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავად იციან, რომ უბრალოდ, ამის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ და შეუძლებელია, რადგან ეს სამართლებრივადაა შეუძლებელი. „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ამას ხვდება ფაქტობრივად ყველა, მათ შორის დარწმუნებული ვარ, თავად პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ არ უნდათ ამის აღიარება. ხელისუფლება ბუნებრივია, ვერ მიიღებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შეუსაბამო”, – აღნიშნა კახიანმა.