თამაზ ხუბუა: ბოლო პერიოდში აქტუალიზებული პოლიტიკური და მორალური საკითხების “ჩამონათვალში” გულიანად არ ჟღერს აფხაზეთი

გული მწყდება, რომ ბოლო პერიოდში აქტუალიზებული პოლიტიკური და მორალური საკითხების “ჩამონათვალში” გულიანად არ ჟღერს (თუ საერთოდ გაიჟღერა?!) აფხაზეთი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა წერს.

მისი თქმით, პარადოქსია, როცა ქვეყნის გაბრწყინებულ მომავალზე ლაპარაკით ამდენი ეროვნული და სამოქალქო ენერგია იხარჯება და აფხაზეთი გვავიწყდება.

“საქართველოში პოლიტიკური გარემო “დუღილის” პროცესშია. პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, კოლექტიურად და თითოეულს ცალ-ცალკე, გულწრფელად სჯერა ქვეყნის ხვალინდელი წარმატებული დღისთვის მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოსაზრებების პრიორიტეტულობისა და ამაში მათთან შედავების უფლება არავის აქვს. მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ და ქვეყნის საერთო ტკივილებთან ერთად ჩემი გასაჭირიც მაქვს და ამაში ჩემთან და ჩემს თანამემამულეებთან შემოდავების უფლებაც არავის აქვს! ამიტომაც მწყდება გული, რომ ბოლო პერიოდში აქტუალიზებული პოლიტიკური და მორალური საკითხების “ჩამონათვალში” გულიანად არ ჟღერს (თუ საერთოდ გაიჟღერა?!) აფხაზეთი.

აქ მინდა, დავესესხო გენიალურ ესპანელს მიგელ უნამუნოს: “ჩემი ცხოვრების მიზანია, ვეძიო იმედი თვით უიმედობაში!”. არ მივიღებ იმ ადამიანების შემოპასუხებას, ვინც ამ სენტენციას პარადოქსად ჩამითვლის!
ბატონებო, პარადოქსი ის არის, როცა ქვეყნის გაბრწყინებულ მომავალზე ლაპარაკით ამდენი ეროვნული და სამოქალქო ენერგია იხარჯება და აქვე გვავიწყდება ასეთი მომავლის აუცილებელი და გარდაუვალი ქვაკუთხედის, აფხაზეთის ხსენება!

საქართველო და ქართველებო, გევალებათ სოხუმი!”, – წერს ხუბუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები