რომან გოცირიძე: რუსული ცენტრის გახსნა, ნიშნავს რუსული აგენტურული ქსელისათვის ლეგალური ფორმის მიცემას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა ნიშნავს რუსული აგენტურული ქსელისათვის ლეგალური ფორმის მიცემას.

როგორც გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას და ამას საზოგადოების პროტესტი უნდა მოჰყვეს.

„რუსეთის ე.წ. ”კულტურის ცენტრის” გახსნა, თუ ბატონ ზურაბ აბაშიძეს დავუჯერებთ, ხდება ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, რომელიც რომელიღაც რუსულ კომერციულ ორგანიზაციასთან იქმნება, რომელიც რუსეთის ვიზებს გასცემს. ეს ფაქტობრივად არის რუსული აგენტურული ქსელისათვის ლეგალური ფორმის მიცემა. ეს არ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ და ამას საზოგადოების პროტესტი უნდა მოჰყვეს“, – წერს პოლიტიკოსი.

დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ პრაღაში გრიგორი კარასინმა განაცხადა. მან იმედია გამოთქვა, რომ ცენტრის გახსნას რაიმე ინცინდენტი არ მოჰყვება.

ზურაბ აბაშიძემ კი, საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ კარასინისგან შეიტყო.

„ჩვენი შეხვედრის დროს, გუშინ მოვისმინე ბატონი კარასინისგან მოკლე კომენტარი, რომ რუსული ენის სავიზო ცენტრს, რომელიც თბილისში არსებობს და არის კომერციული სტრუქტურა, აქვს სურვილი გახსნას რუსული ენის კურსები ასევე კომერციულ საწყისებზე. მე ვუთხარი, რომ ჩავალ თბილისში და გავარკვევ რა და როგორ არის-მეთქი. ასეთი მოკლე კომენტარი იყო”, – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ეს არ ყოფილა რაიმე ორმხრივი შეთანხმების საგანი: “არანაირი ორმხრივი შეთანხმება და რაღაც ამდაგვარი არ ყოფილა”, – აცხადებს ქართველი დიპლომატი.

მისი თქმით, სავიზო ცენტრი კერძო, კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესთა სექციასთან თანამშრომლობს და გასცემს ვიზებს რუსეთში გამგზავრების მსურველთათვის. აბაშიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს შეაფასოს ამ ნაბიჯის პოტენციური რისკები როგორც რუსეთის რბილი ძალის გავრცელების თვალსაზრისით, ასევე შესაძლო ინციდენტების პროვოცირების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები