გიორგი კეკელიძე საჯარო ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე უარს ამბობს
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წინააღმდეგია, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრი საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნას.
ამის შესახებ კეკელიძემ სოციალურ ქსელში გრიგორი კარასინის განცხადების საპასუხოდ დაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ ცენტრი თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.
„ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები.
მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ.
დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს.
მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ“,-დაწერა კეკელიძემ.
გრიგორი კარასინმა შესაბამისი შინაარსის განცხადება პრაღაში გააკეთა, სადაც ზურაბ აბაშიძესთან 5-თვიანი პაუზის შემდეგ მორიგი მოლაპარაკება გაიმართა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, კი აღნიშნულის შესახებ კარასინისგან შეიტყო.
„ჩვენი შეხვედრის დროს, გუშინ მოვისმინე ბატონი კარასინისგან მოკლე კომენტარი, რომ რუსული ენის სავიზო ცენტრს, რომელიც თბილისში არსებობს და არის კომერციული სტრუქტურა, აქვს სურვილი გახსნას რუსული ენის კურსები ასევე კომერციულ საწყისებზე. მე ვუთხარი, რომ ჩავალ თბილისში და გავარკვევ რა და როგორ არის-მეთქი. ასეთი მოკლე კომენტარი იყო”, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ეს არ ყოფილა რაიმე ორმხრივი შეთანხმების საგანი: “არანაირი ორმხრივი შეთანხმება და რაღაც ამდაგვარი არ ყოფილა”, – აცხადებს ქართველი დიპლომატი.
მისი თქმით, სავიზო ცენტრი კერძო, კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესთა სექციასთან თანამშრომლობს და გასცემს ვიზებს რუსეთში გამგზავრების მსურველთათვის. აბაშიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს შეაფასოს ამ ნაბიჯის პოტენციური რისკები როგორც რუსეთის რბილი ძალის გავრცელების თვალსაზრისით, ასევე შესაძლო ინციდენტების პროვოცირების კუთხით.