პროექტი “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” დაიწყო
გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტი – “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” დაიწყო.
პროექტის წარდგენისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის როლზე ამ პროცესებში. შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენციის/შემცირების მნიშვნელობას საქართველოში.
ორდღიან საინფორმაციო შეხვედრას 13 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, ასევე გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეებისა და დაგეგმილი ღონისძიებების, ამ პროცესებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე.
პროექტი “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან დაცვას.