დამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციას ქმნიან
დამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციას შექმნას აპირებენ. მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ ფრაქციას ქმნიან.
დღეს დეპუტატებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ შესაქმნელად.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფრაქცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს.
“ჩვენი მიზანია საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა.
ფრაქციის შექმნის ამოცანაა მომდევნო 10 თვის მანძილზე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის კონსტრუქციული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა.
ფრაქციის წევრობა საშუალებას მისცემს თითოეულ დამოუკიდებელ დეპუტატს უფრო აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, აირჩიოს მისთვის საინტერესო კომიტეტისა თუ დროებითი კომისიის წევრობა.
ფრაქციის თითოეული წევრი შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას საკუთარი, ინდივიდუალური მოსაზრებების გამოხატვისთვის.
თუმცა, ფრაქციის სახელით განცხადებები გაკეთდება მხოლოდ ფრაქციის ფორმატში შეჯერებული პოზიციების მიხედვით.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მხარს დაუჭერს ყველა პოზიტიურ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.
ფრაქცია ღიაა სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან სათანამშრომლოდ და გამართავს კონსულტაციებს ერთობლივი აქტივობების შესახებ.
იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში სხვა დამოუკიდებელი დეპუტატებიც შექმნიან დამატებით ფრაქციებს, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს საპარლამენტო საქმიანობა კონსტრუქციული და პოზიტიური დღის წესრიგის შესაქმნლად.
6 დამოუკიდებელი დეპუტატი ვერთიანდებით ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის გარშემო, რომელიც მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მხარდაჭერა
– ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
– საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა
– ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა.
– ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერა
– ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
– სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა
– ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკისა და რეფორმების გაუმჯობესება
– განათლების სფეროს პოლიტიკისა და რეფორმების ხელშეწყობა
ფრაქციის შემადგენლობა:
1. მარიამ ჯაში – ფრაქციის თავმჯდომარე
2. ლევან კობერიძე – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
3. გედევან ფოფხაძე – ფრაქციის მდივანი
4. ლევან გოგიჩაიშვილი – ფრაქციის წევრი
5. ზვიად კვაჭანტირაძე – ფრაქციის წევრი”, – აღნიშნულია განცხადებაში.