ნათია თურნავა: ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა ჩვენი ეკონომიკისთვის ნეგატიურია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა ქვეყნის ეკონომიკისათვის ნეგატიურია.
“აქციები, გამოსვლები, დემონსტრაციები რა ნაწილშიც ეს არ ეწინააღმდეგება კანონს შეიძლება ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა დისკომფორტის შემქმნელი იყოს, მაგრამ ეს არის სრულიად მისაღები დემოკრატიული პროცესი. ნებისმიერი რადიკალიზაცია, ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა არის ნეგატიური ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა ეკონომიკური ბლოკის მინისტრების განსაკუთრებით და მათ შორის ჩემი არის ის, რომ მიუხედავად ამ ფონისა ჩვენი ბიზნესი, ინვესტორი არ დავაფრთხოთ. და ყველანაირი შესაძლებლობა მივცეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა კვლავ იმ ტემპით განვითარდეს, როგორც ეს იყო თავიდან ჩაფიქრებული”, – განაცხადა თურნავამ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.