საქართველო დიდ ბრიტანეთში 2020 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად აღიარეს (ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ტუროპერატორთა ასოციაციამ (ABTA) საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა.
საქართველოსთან ერთად ანგარიშში 11 ტურისტული მიმართულება მათ შორის ჰოლანდია, მაროკო, სამხრეთ კორეა, მადრიდი, ვენა და სხვა ქვეყნები, ქალაქები და რეგიონები მოხვდნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნების, რეგიონების ცნობილი დღესასწაულები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს.
„საქართველო გამაოგნებლად სასიამოვნო მიმართულებაა. გაერთიანებული სამეფოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი სრულდება. საქართველოს დედაქალაქი გართობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თბილისში მზარდია კლუბების რაოდენობა. აქ ნახავთ უამრავ ბარს და რესტორანს, სადაც მაღალი ხარისხის ქართული ღვინო აქვთ.
საქართველოს რეგიონები სიმწვანით, ხელუხლებელი ბუნებით გამოირჩევა. ქვეყნის 70% ტყით არის დაფარული. საქართველოში UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ადგილებია, მათ შორისაა: ჯვარი და სვეტიცხოველი.
საქართველოში რაც ყველაზე გამოსარჩევია ეს არის ძალიან მეგობრული, ტურისტების მიმართ კეთილგანწყობილი ხალხი. საქართველო სტუმართმასპინძლობით გამორჩეული ქვეყანა”,-წერია ანგარიშში.
​ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს აღიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მეტი ბრიტანელი ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში.
“მოხარულები ვართ, რომ საქართველომ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო არენაზე, კონკრეტულად დიდ ბრიტანეთში, სადაც საქართველო დასახელდა 2020 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულება. ეს აღიარება საქართველომ მოიპოვა ბრიტანული ასოციაციის და ექსპერტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ასოციაცია. ჩვენი წარმატება საქართველოს მიმართულებით ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ხელს შეუწყობს ქართულ და ბრიტანულ კომპანიებს შორის ბიზნესურთიერთობების დამყარებას ტურიზმის მიმართულებით,
ეს აღიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მეტი ბრიტანელი ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მხარჯველუნარიანობით”,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაცია 65 წლის წინ დაარსდა. ასოციაციაში 4300-ზე მეტი ტურისტული ბრენდია გაწევრიანებული. წლიური ბრუნვა კი 39 მილიარდი ფუნტია. კომპანიები როგორც დასვენებაზე, ასევე ბიზნეს ტურისტულ სერვისზეა არიან ორიენტირებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები