კარლო კოპალიანი: ვფიქრობ, ეს იყო ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი, რომელიც სამწუხაროდ ტრაგედიით დასრულდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი მისი სიძის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მისი ვარაუდით, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად მოხდა.
“ერთი ჩემი ოჯახის ახლობელია, მეორე მისი თანამშრომელი, მეგობარი. რამდენიმე წელი მუშაობდნენ პოლიციაში ერთად. იყვნენ პოლიციის ძალიან კარგი მუშაკები, ძალიან კარგი მეგობრები. სამწუხაროდ, რა მოხდა არავინ არ იცის, თუმცა იმედი, მაქვს, რომ დადგინდება. ვფიქრობ, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა გასროლით და რომელიც სამწუხაროდ, ტრაგედიით დამთავრდა”, – განაცხადა კოპალიანმა.
ორივე გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში გუშინ, ორმა მამაკაცმა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. სროლის შედეგად, შემთხვევითი გამვლელი, ადგილობრივი მამაკაცი დაიჭრა. როგორც, ადგილობრივებმა “რეგიონულ კვირასთან” განაცხადეს გარდაცვლილებს, ერთმანეთთან კონფლიქტი აქამდე არ ჰქონიათ. შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
“რეგიონულ კვირას” პროკურატურაში განუცხადეს, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.