„ვცხოვრობთ გონებადაკარგული პოლიტიკის პირობებში“ – ინტელიგენციის წარმომადგენლები შეკრებას გეგმავენ

27 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბიზნესცენტრ “King David” – ში ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინტელიგენციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც არიან მიწვეულები.

ორგანიზატორები შეხვედრაზე იწვევენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ლუარა ნიჟარაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა, თეატრმცოდნე გუბაზ მეგრელიძემ და ხელოვნებათმცოდნემ, ემიგრანტმა შვედეთიდან ლელა კუხიანიძემ ისაუბრეს. როგორც მათ განაცხადეს, ინტელიგენციის ცნობილმა წარმომადგენლებმა: მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონმა რომან რურუამ; საქართველოს სახალხო არტისტმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, ანსამბლ„რუსთავის“ ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა; არქიტექტურის დოქტორმა, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ გიგა ბათიაშვილმა; რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, სამხატვრო აკადემიის პროფესორმა გივი თოიძემ; პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა; საქართველოს სახალხო არტისტმა და სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა თემურ გუგუშვილმა ; ქორეოგრაფმა, ღირსების ორდენის კავალერმა ომარ მხეიძემ; მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა არნოლდ გეგეჭკორმა; მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რეზო ბალანჩივაძემ; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა; ლიტერატორმა, რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ; მეცნიერებათა დოქტორმა, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა ვახში ჟვანიამ; მწერალმა, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა დავით შემოქმედელმა და მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა კობა კობალაძემ.

მათ, სამთვიანი კონსულტაციების და „მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისთვის“ პარასკევის შეკრებებზე მოსმენილი პროგრამების გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, დაიწყოს საჯარო საუბარი მომავლის საქართველოზე.

ინტელიგენციის შეკრების ინიციატორები წერილსაც ავრცელებენ.

„ჩვენ, ამ წერილზე ხელისმომწერნი, 2011-12 წლებში, დიდი მამულიშვილის, მერაბ ბერძენიშვილის მუზეუმ-სახელოსნოში, როცა ვქმნიდით ეროვნული განწყობის „მოქმედების მანიფესტს“ – „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, ოდნავაც არ ვეჭვობდით იმაზე, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში, ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ. 2013 წელს, სახელისუფლებო ცვლილებების შემდგომ, როცა ასევე დიდი მამულიშვილის, რეზო ჩხეიძის სახლში მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს, ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ საერთო ძალისხმევით, მოკლე პერიოდში იყო შესაძლებელი რადიკალური ცვლილებების დაწყება. ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ და ვხედავთ, თუ რა სირთულეების წინაშე დგას ქვეყანა, სად მიგვიყვანა დაპირისპირებამ. პოლიტიკოსებმა თითქმის 30 წელია, თავს მოგვახვიეს ქუჩის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ემოციას და აძლიერებს აგრესიას, იგნორირებულია მეცნიერება, საზოგადო მოღვაწეთა და მამულიშვილთა, საერთოდ, ინტელიგენციის პოზიცია, ვერ დავძლიეთ შიში, ვერ დამკვიდრდა კონკურენტული გარემო, რომელიც არის საფუძველი ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური სიძლიერის… რეალურად ვცხოვრობთ გონებადაკარგული პოლიტიკის პირობებში. ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა. პირველ რიგში – ინტელექტუალური ადამიანებისა, რომელთა დუმილმა წაახალისა არაერთი მოუმზადებელი და უმწიფარი პიროვნების მოხვედრა პოლიტიკასა და ხელისუფლებაში“, – ნათქვამია წერილში.

ინტელიგენციის შეკრების ინიციატორები აცხადებენ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და საჭიროა სისტემური გარდაქმნები.

„უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და მოქმედებების დრო და დავიწყოთ სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის, რაც შეუძლებელია მეცნიერების და იმ ადამიანების გარეშე, რომელთა მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრის, მათ შორის, რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მომავლის საქართველო წარმოუდგენელია, როგორც ასეთი დაპირისპირების პირობებში, ასევე თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე…მთავარ პრობლემებზე ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ძალისხმევისა და კონცენტრირების გარეშე. სწორედ ამ განწყობით ვიკრიბებით. ვიწვევთ ხელისუფლების პირველ პირებსაც, საზოგადო მოღვაწეებსაც, ბიზნესის წარმომადგენლებსაც, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსაც, პოლიტიკოსებსაც, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებსაც. შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, რასაც ერთი დარბაზი ვერ დაიტევს, სასურველია ეს შეხვედრა მიდიოდეს პირდაპირი ეთერით, რათა საქართველოს მოსახლეობას, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებსაც ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ინტელიგენციამ ხელისუფლებასთან, საქვეყნოდ მომართულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, უნდა შეძლოს იმედის დაბრუნება უიმედობით სავსე ქვეყანაში. ყოველგვარი ლანძღვა-გინების გარეშე, შევთავაზოთ ხალხს და ქვეყანას იმედიანი პროგრამები. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, რომ გარკვეული პერიოდულობით, ყველას, ვისაც ექნება მომავალზე ორიენტირებული პროგრამა, მივცეთ საშუალება, წარმოადგინოს განსახილველად შეხვედრებზე. შემდგომ, კი თითოეული პროგრამის განხილვა მოხდება ექსპერტ-სპეციალისტთა ფართო მონაწილეობით. რაც მთავარია, მთელი ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო: ყველას ჰქონდეს საშუალება მონაწილეობის მიღებისა და ხელისუფლებისადმი წარდგენილი დოკუმენტის წვდომისა. ჩვენი სურვილია, გვერდში დავუდგეთ მეცნიერთა დიდი ჯგუფის ინიციატივებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია წიგნებად ქცეულ კრებულებში: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. ვფიქრობთ, მხარდასაჭერია მეცნიერთა წინადადება „ქართული დოქტრინის“ შემუშავებისა და 2020 წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში, მისი განხილვის დაწყების თაობაზე და, რაც მთავარია, მხარდასაჭერია მეცნიერთა ის წინადადება, რომ 2020 წლის აპრილში, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდ კონგრესზე შევაჯამოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და განვსაზღვროთ მომავლის საქართველოს მთავარი ორიენტირები. ჩვენ ვიზიარებთ მეცნიერთა წინადადებას, რომ ამ კონგრესმა მოისმინოს სამი პოზიცია: ხელისუფლების, მეცნიერებათა აკადემიის და იმ ჯგუფის, რომელთაც სამი წელი იმუშავეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ქვეყნის პოტენციალზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და ათასობით ადამიანთა მონაწილეობით, „ხალხის წერილი“, რომელსაც დღემდე 50 ათასამდე თანამემამულემ მოაწერა ხელი და რომელიც ექვს თვეზე მეტი ხნის წინ წარედგინა ქვეყნის მთავრობას. 27 ნოემბრის შეხვედრაზე განსახილველად წარმოვადგენთ ამ პროცესის განვითარების ჩვენეულ ხედვას. ამავე დროს, საშუალება გექნებათ, მოისმინოთ ათამდე სამომავლო პროექტი. დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს წინადადებებს ამ პროცესის სრულყოფის და მომდევნო შეხვედრებზე განსახილველი საკითხების თაობაზე“- ნათქვამია წერილში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები