ანა დოლიძე: ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეების სია ჩააგდოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 20-კაციან სიაში წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ უნდა დაუჭირონ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა ცუდსა და უარესს შორის არჩევანი არ უნდა გააკეთოს.

“ჩვენი რადიკალური და პრინციპული მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეების ეს სია ჩააგდოს. დღეს ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვახმოვანებ. მოქალაქეები საკუთარ დეპუტატებს დაუკავშირდნენ, მე დღეს დავით ჭიჭინაძეს უკვე მივწერე, რომელიც ჩემი რაიონის მაჟორიტარია, ჩააგდონ სია. ამ სიის ჩაგდებას არ აქვს ალტერნატივა. არ შეიძლება საქართველოს პარლამენტმა არჩევანი გააკეთოს ცუდსა და უარესს შორის. ყველა კანდიდატი, რომელიც ამ სიაშია არის სათითაოდ შერჩეული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიერ, რომელსაც სურს, მთლიანად გააკონტროლოს სასამართლო კორპუსი. ამიტომ, ჩვენი, ქართველი ხალხის ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს, რომ ეს სია ჩავაგდოთ. ეს ჩვენ დეპუტატებს უნდა მოვთხოვოთ“, – განმარტა დოლიძემ.

ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს დეპუტატებსა და დამსწრე პირებს მოსამართლეობის მსურველთა სიაც დაურიგა მოწოდებით “ჩააგდე სია“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო, რიგით მეოცე კანდიდატს გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა დღეს სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები