ეკატერინე ხარებავა: თუ ამირჩევენ, მექნება საშუალება, სიახლეები დავგეგმო

თუ ამირჩევენ, მექნება საშუალება, სიახლეები დავგეგმო, – ამის შეახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა, ეკატერინე ხარებავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაიმარჯვებს ღირსეული კანდიდატი.

“საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ იქნა ჩემი კანდიდატურა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მიმდინარეობს ხმების დათვლა. ველოდები, რომ გაიმარჯვებს ღირსეული კანდიდატი, ვიქნები ეს მე თუ სხვა ჩემი კოლეგა. ვფიქრობ, შეიძლება გარკვეული სიახლეები იქნას შეტანილი პროკურატურის საქმიანობაში, რის შესაძლებლობასაც მომცემს საპროკურორო საბჭოში მოღვაწეობა. მქონდა გარკვეული ხედვები, რომელთა ნაწილი ჩემს თანამშრომლებს გავაცანი და შესაბამისად, იმედი მაქვს მათი მხარდაჭერის. უშუალოდ საპროკურორო საბჭოს საქმიანობაში მე, რა თქმა უნდა, ცვლილებებს ვერ შევიტან, მაგრამ საპროკურორო საბჭოში ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში როგორც საბჭოს წევრს, მექნება საშუალება იმისა, რომ სიახლეები დავგეგმო, ასევე, გავაცნო და საბჭოს წარვუდგინო რიგითი თანამშრომლების მოსაზრებები და შემდგომ გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში მივიღო მონაწილეობა”. – განაცხადა ეკატერინე ხარებავამ.

შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, ვის შეიძლება გაუწიონ რეკომენდაცია გენერალური პროკურორის პოსტზე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

“არანაირი საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ბატონი შალვა ჩვენი გენერალური პროკურორია და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ”. – აღნიშნა ეკატერინე ხარებავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები