ევროპაში ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი: ევროპა რეჟიმიდან ამოვარდა, როცა საქართველოში რუსეთის სასტიკი შეჭრა განხორციელდა

ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის ჯეიმს სტავრიდისის თქმით, “2008 წელს ევროპა ცხოვრების ჩვეული რეჟიმიდან ამოვარდა, როდესაც საქართველოში სასტიკი და ეფექტური შეჭრა განხორციელდა”, – ამის შესახებ სტავრიდისმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, “ეს ომი სამხედრო ისტორიაში შევა როგორც პირველი ტრადიციული კინეტიკური დარტყმა, ჭურვების, რაკეტების, ტანკების, გამანადგურებლების და სხვა საშუალებების გამოყენების გამო, რომელიც შემტევი კიბერნეტიკული ოპერაციით იყო გაზავებული. იყო ასევე მძლავრი პროპაგანდა და დეზინფორმაციის სტრატეგიული ზომები. საქართველოში წარმოებული “ჰიბრიდული ომი” უკრაინის დამანგრეველი ომის მომასწავებელი გახდა.

1993 წელს პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობით უკმაყოფილო უკრაინელები, მაიდანზე გავიდნენ. ამის შემდეგ ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა, და გამოიყენა იგივე ჰიბრიდული ტექნიკები, რაც მანამდე საქართველოში ჰქონდა გამოყენებული. ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და დონბასში ომი გააჩაღა. გამომდინარე იქიდან, რომ კიევი მხოლოდ პარტნიორია და არა ნატოს წევრი ქვეყანა, რუსეთის შეჭრა ალიანსს ჯარის გაგზავნას არ ავალდებულებდა. თუმცა, ნატომ და აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაწევა დაიწყეს. ეს დაიწყო ჯერ კიდევ ბარაქ ობამას დროს და გაგრძელდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში”,-აღნიშნა ჯეიმს სტავრიდისმა.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე საუბრისას, სტავრიდისმა აღნიშნა, რომ “დაუშვებელია, რომ ამ სკანდალმა უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერა შეასუსტოს, რომელიც მას რუსეთს საზღვართან სჭირდება”.

“2014 წელს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ამოცანად უკრაინული დემოკრატიის შესუსტება დაისახა. მან ეს დაუნდობლად გააკეთა. რუსეთის ორბიტაზე უკრაინის სრული დაბრუნება უხეში ძალის გზით – დასავლეთისთვის სახიფათო პრეცედენტი იქნება. ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები აღნიშნულს შიშით აკვირდებიან.

და ბოლოს, თუ რუსეთს მიზნების შესრულების უფლებას მივცემთ, ეს გლობალურ დიპლომატიურ ნორმებსა და საერთაშორისო კანონებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. თუ დასავლეთი უკრაინას ახლა მიატოვებს ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სიგნალი იქნება, რომ დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოგლიჯონ ლუკმა პატარა მეზობლებს. ტრამპის იმპიჩმენტის ფონზე უკრაინის მიტოვება – დასავლეთის დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იქნება”, – აღნიშნა ჯეიმს სტავრიდისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები