27 წლის შემდეგ – რამდენია საპენსიო ასაკი და პენსია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში

იყო დრო, როცა პენსია საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა რესპუბლიკაში ერთნაირი იყო. რა შეიცვალა თითქმის 27 წლის შემდეგ, რა რაოდენობის პენსიას იღებენ და როგორია საპენსიო ასაკი პოსტსაბჭოთა სივრცეში დღეს.
1956 წლიდან მოყოლებული რუსეთში მამაკაცების საპენსიო ასაკი 60 წელი, ხოლო ქალებისთვის 55 წელი იყო, თუმცა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საპენსიო ასაკი როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის ერთი წლით გაიზარდა. მინიმალური პენსია დღეის მდგომარეობით რუსეთში 216 $-ის ეკვივალენტია. საპენსიო რეფორმის შედეგად, რუსეთში ამჟამად პენსიის სამი კატეგორია მოქმედებს: სოციალური, სადაზღვეო და დაგროვებითი. სამხედრო მოსამსახურეების საშუალო პენსია რუსეთში 25 ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 337 დოლარს, შეადგენს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მაღალი პენსია ესტონეთშია – 434 $. მაღალია პენსია ლატვიასა და ლიეტუვაშიც, შესაბამისად 315$ და 286$. ას დოლარს აჭარბებს პენსია რუსეთში, ( 216$) ბელარუსში, (159$) ყაზახეთში, ( 137$) და აზარბაიჯანში (117$).
ას დოლარზე ნაკლებია პენსია თურქმენეთში, (93$) სომხეთში, ( 84$) ყირგიზეთში, (76$) საქართველოში, ( 75$) უკრაინაში, ( 65$) მოლდოვაში (64$) უზბეკეთსა (35$ ) და ტაჯიკეთში (30$).
საინტერესოა, რომ საპენსიო ასაკი ყველაზე მაღალი როგორც კაცებისთვის (65 წელი), ისე ქალებისთვის ( 60 წელი ) საქართველოში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთშია. სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მამაკაცების საპენსიო ასაკი 60 დან 63 წლამდე ,ხოლო ქალების 55 დან 59 წლამდე მერყეობს.
საქართველოსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მსგავსი საპენსიო ასაკი ფიქსირდება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. გამონაკლისი დანია, იტალია და ჰოლანდიაა, სადაც მამაკაცების საპენსიო ასაკი შესაბამისად 74, 71 და 70 წელია.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი ამოქმედდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას აძლევს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა. უკვე მოქმედი კანონის თანახმად, 40 წლამდე საქართველოს მოქალაქე (დასაქმებული) საპენსიო ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2 %-ს. დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის 2%-ს, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს ასევე 2%- ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს. საპენსიო შენატანების ადმინისტრირება საპენსიო სააგენტოს ევალება. მაგალითად, თუ თქვენი ხელფასი 1 000 ლარია, დამსაქმებელი საპენსიო ფონდში გადაიხდის 20 ლარს, თქვენ, ანუ დასაქმებული, ასევე – 20 ლარს და სახელმწიფოც -20 ლარს.
დაახლოებით, ანალოგიური სისტემა მოქმედებს სომხეთშიც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ დასაქმებული საპენსიო ფონდში ხელფასის 5 %-ს რიცხავდა. 5 %-საც სახელმწიფო ამატებდა. მიმდინარე წლის თებერვლიდან ეს თანაფარდობა შეიცვალა და დასაქმებული საპენსიო ფონდში ხელფასის 2,5 %-ს რიცხავს. სახელმწიფოს წილი კი 5-დან 7.5% -მდე გაიზარდა. განსხვავებაა ისიც, რომ შენატანების ადმინისტრირება ფრანგულ Amundi-ს და გერმანულ C-Quadrat-ს დაევალათ. დაგროვებითი პენსიის გარდა, სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, გაიცემა ე. წ. სოციალური პენსიაც, რომლის საშუალო მოცულობა, როგორც უკვე ითქვა, დაახლოებით, 84 $-ის ეკვივალენტია.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, მიმდინარე წელს საშუალო პენსია აზერბაიჯანში 240 მანათს ( 140 $) გაუტოლდება. 14 ,9 %-ით ანუ 133 მანათამდე (78$) იზრდება მინიმალური პენსიაც. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს პენსიონერების საარსებო მინიმუმი 149 მანათით, ანუ დაახლოებით 87 $- ით, განისაზღვრა. აზერბაიჯანის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანში 1,2 %-ით შემცირდება და 1 287 ათას ადამიანს გაუტოლდება პენსიონერთა რაოდენობა. საინტერესოა, რომ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სამომხმარებლო კალათის მოცულობა აზერბაიჯანში დაახლოებით 150 მანათს, ანუ 87 $ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები