ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

0

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის ქუჩაზე წარმატებით ხორციელდება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს.
„დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ის საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მინდა მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებიც დადგენილ წესებს ზედმიწევნით იცავენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ახალი აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის შეიქმნა და მისი გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონშია შესაძლებელი. ამ აპლიკაციით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ასევე, იყენებენ გადახდის აპარატებს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, რომელიც იქ პირველ სექტემბრამდე იდგება. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე დარჩებიან, მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებენ, თუმცა, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივმა უკვე მოახერხა რეგისტრაცია და ისინი უფასო პარკირებით სარგებლობენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მსგავს მიდგომებს თბილისის სხვა უბნებსა და ქუჩებშიც დანერგავს.
„ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში ანალოგიური მიდგომა გვქონდეს. შემდეგი არეალი, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება, არის ორბელიანის მოედანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სრულად რეაბილიტირდა. ამით დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი, მიზიდულობის ცენტრი შეემატა. იქ არის განთავსებული ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 20 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და აქედან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ასევე, პროექტის ფარგლებში, აშენდა პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც გათვლილია 150 ავტომანქანაზე და სრულად ევროპული სტანდარტების მქონეა, თავისი სახანძრო უსაფრთხოებით, კამერებით, შშმ პირებისთვის, ასევე ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ადგილებით. გვინდა, რომ ამ მოედანზეც იგივე მიდგომა გვქონდეს და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დავნერგოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, მისივე თქმით, ორბელიანის მოედანზე უახლოეს დღეებში საინფორმაციო ჯიხური განთავსება, სადაც მოქალაქეები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ და უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციას შეძლებენ.
„აქ მცხოვრებ ადამიანები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ სისტემაში და უფასოდ ისარგებლონ პარკირებით. ჩვენ აუცილებლად ვაწარმოებთ მათთან კომუნიკაციას, როგორც ეს პირველი პროექტის დროს მოხდა. მინდა დავავალო მერიის სამსახურებს, რომ დღეიდან უკვე დაიწყონ შესაბამისი მასალების მომზადება და ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივებისთვის. გარდა ამისა, ამ დღეებში ტერიტორიაზე საინფორმაციო ჯიხურსაც განვათავსებთ, სადაც მოქალაქეები დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი