2021 წლიდან, სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად, იცავს მის ღირსებასა და თავისუფლებას, შესაბამისად, გმირი სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამხედროებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი, რომელიც თბილისში, მახათას მთაზე ხორციელდება და სადაც პირველ ეტაპზე, ბინას 635 ოფიცერი მიიღებს. ოფიცრების მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობას მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო, დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცემს.

მშენებლობის დასრულებისთანავე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, ახალგაზრდა სამხედროებისთვის პროექტის მეორე ფაზა დაიწყება.

სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები