პრემიერი: საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულებაც სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, წელს დასრულდება

“საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულებაც სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, წელს დასრულდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წეროვანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდე იგეგმება და ამერიკელ პარტნიორებს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„წეროვანში შენდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაიჭრნენ. ეს იქნება მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი ჩვენს რეგიონში და მსურს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ჩვენ ამ ცენტრის მშენებლობა შარშან ზაფხულში დავაანონსეთ და ის წლის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასევე გაგრძელდება ყველა იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს, უკვე დასრულდება ბინათმშენებლობის პროცესი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე ჯერ კიდევ 2007 წელს აიღო”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები