სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებს

სურსათში აკრძალული საღებავების გამოყენებაზე გავრცელებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩავატარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად, წითელ წიწაკაში (ძირითადად იმპორტირებული) გამოვლინდა აკრძალული საღებავების შემცველობის არაერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი რეაგირება – პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სურსათში აკრძალული სინთეზურ საღებავების ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება. ნიმუშების კვლევა ლატვიის რესპუბლიკაში, „ბიორის“ ლაბორატორიაში ჩატარდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სუნელებში აკრძალული ნივთიერებასთან „სუდანი-1“ დაკავშირებით, მოკვლევა ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო.

2018 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარდა კონკრეტული ღონისძიებები ბაზრიდან მავნე პროდუქციის ამოღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე მოხდა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაც. ამასთან, ჩატარებული მოკვლევისა და ევროპის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი საწარმოებში, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დაეკისრა საჯარიმო სანქციები, მოხდა პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება“,- აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

„მომხმარებელი.ჯი“-ზე გამოქვეყნებული კვლევის ავტორების განცხადებით, რამდენიმე პროდუქტში „სუდან ერთის“ შემცველობა გამოვლინდა. მათივე განმარტებით, „სუდანის“ ჯგუფის საღებავებს სურსათისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად იყენებენ. ვებგვერდზე მითითებულია, რომ არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა გამოკვლეულ ნიმუშებში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიშია. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოხსენებული საღებავების საკვლევად. ამიტომ ორგანიზაციამ ნიმუშები საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში გაგზავნა. მათივე თქმით, კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმეებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები