რამ განაპირობა საქართველოს მშპ-ის 5 % -იანი ზრდა – საქსტატის განმარტებები
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით გაიზარდა, ხოლო გასულ ექვს თვეში – 4,9 %-ით.
გაუფასურებული ლარის, პოლიტიკური არასტაბილურობისა და შემცირებული უცხოური ინვესტიციების პირობებში რამ განაპირობა ქართული ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდა – საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ამ ფაქტს რამდენიმე გარემოებით ხსნის. როგორც თოდრაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემებით, გასულ თვესთან შედარებით ივნისში ექსპორტი 11.5 %-ით გაიზარდა. საქართველოს საექსპორტო კალათაში განსაკუთრებით გაზრდილია სილიკო მანგანუმის წილი. თოდრაძის განმარტებით, სილიკო მანგანუმის ექსპორტი 41 %-ით გაიზარდა და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროდუქციის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 47% ექსპორტზე შეერთებულ შტატებში გადის.
მნიშვნელოვან ფაქტორად სახელდება, ასევე, ტურისტულ ინდუსტრიაში არსებული მზარდი დინამიკა. როგორც თოდრაძე აცხადებს, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში 472 ათასზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 18%-ით აღემატებოდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ტოდრაძის განმარტებით, ეს ფაქტი აისახა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორზეც და, შესაბამისად, ეკონომიკაზეც. ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორად სახელდება, ასევე, ფულადი გზავნილების გაზრდილი მოცულობაც. საქსტატის მონაცემებით, დაახლოებით, 7,6 %-ით არის გაზრდილი ფულადი გზავნილები და ამ თანხამ 126,2 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა. ერთ – ერთ მნიშვნელოვან გარემოებად სახელდება ის ფაქტიც, რომ 90 მლნ.აშშ დოლარით შემცირდა საქართველოს სავაჭრო დეფიციტი. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ივნისის თვეში საქართველოს კერძო სექტორის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების) ბრუნვამ 6.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.5%-ით მეტია.