წელს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანისა“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, 2019 წლის რთველი შეფერხებების გარეშე ჩაივლის და წარმატებით დასრულდება.
„წელს ყურძნის საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით როგორც ხარისხობრივი, ასევე – რაოდენობრივი კუთხით. ყველა სიახლე, რაც მიმდინარე წელს რთველის პროცესში იქნება, მიმართულია ყურძნის აღრიცხვის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის უკეთ წარმართვისთვის, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას შეუწყობს ხელს. ქართული ღვინის ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი და შეუქცევადი პროცესი. შესაბამისად, ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის კუთხით მუშაობას სამინისტრო რთველის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად განახორციელებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს “რთველი 2019-ის” ტექნიკურ დეტალებზე, ყურძნის ჩაბარების პროცედურულ საკითხებსა და სიახლეებზე ესაუბრა. წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ღვინის საწარმოებში ჩაბარებული ყველა ჯიშის ყურძნის აღრიცხვას შეეხება. გასულ წელს მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნის აღრიცხვა ხორციელდებოდა. პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის მობილიზებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული რესურსი. მიმდინარე წელს, რთველის ფარგლებში, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანისა“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ღვინის ხარისხის უზრუნველყოფისთვის აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა, ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, 1 ჰექტრიდან, არაუმეტეს, 10 ტონით განისაზღვრა. 10 ტონაზე მეტი რაოდენობისა და კადასტრის ამონაწერის გარეშე ჩასაბარებელი ყურძენი კი შეფასდება, როგორც “ჯიშური ღვინის საფერავის მასალა”.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კადასტრის ამონაწერის დამოწმების მიზნით, 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე მევენახეებმა უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს.