დუმაში რუს ტურისტებს საქართველოს ალტერნატივად გროზნო, ნალჩიკი და ვლადიკავკაზი შესთავაზეს
რუსეთის დუმის სპორტის, ტურიზმისა და ფიზკულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ დეგტიაროვის განცხადებით, რუს ტურისტებს საქართველოს მიმართულებას წარმატებით ჩრდილოეთ კავკასია ჩაუნაცვლებს.
ამის შესახებ დეგტიაროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს 2 მლნ რუსი ტურისტი სტუმრობდა. მათ საქართველოში 3,5 მლრდ დოლარი დატოვეს, რაც ქვეყნის მშპ-ს 10% შეადგენს.
დეპუტატი ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, საქართველოში ტურისტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის.
„რა შეგვიძლია, შევთავაზოთ რუს ტურისტებს სანაცვლოდ? ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები – შესანიშნავი, თანამედროვე და იაფია. არსებობს მუდმივი ავიამიმოსვლა მახაჩკალასთან, გროზნოსთან, ვლადიკავკაზთან, ნალჩიკთან, მინერალურ წლებთან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩრდილოეთ კავკასიაში. ყველა რესპუბლიკა გელოდებათ, ყველაფერი მუშაობს. ყველა რუსულ ენაზე საუბრობს, მიმოქცევაში რუსული რუბლია, უმაღლესი დონის უსაფრთხოებაა. საქართველოში რა გესაქმებათ?”, – აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.