ეკონომიკის სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს სამინისტროსა და იმ კომერციულ ბანკებს შორის, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში: “აწარმოე საქართველოში“ ჩაერთნენ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელმა პირებმა. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კომერციულ ბანკთან.
საბოლოოდ პროგრამაში ჩართული ბანკების სია ასეთია: „საქართველოს ბანკი“, „თი-ბი-სი ბანკი“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, ბანკი „რესპუბლიკა“, „ბაზის ბანკი“, „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“, „კორ სტანდარტ ბანკი“, ბანკი „ქართუ“, „ინვესტბანკი“, „ხალიკ ბანკიმ საქართველო“, „ლიბერთი ბანკი“, „პროკრედიტ ბანკი“, „პრივატბანკი“, „პროგრეს ბანკი“. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი მოიცავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში მოხდება მეწარმეებისთვის კრედიტის გაცემა, რომლის საპროცენტო განაკვეთის 10%-ის ოდენობით თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში.
პროგრამის ფარგლებში, ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150,000 აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური – 2,000,000 აშშ დოლარს.
გიორგი კვირიკაშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი ინფორმაციით, უკვე არის შემოსული განაცხადები სახელმწიფო ქონებაზე და ინფრასტრუქტურაზე.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დამწყებ კომპანიებს მაქსიმალურად გამარტივებულად ექნებათ საშუალება, დაიწყონ ბიზნესი, აწარმოონ პროდუქტი საქართველოში და დაასაქმონ ადამიანები. ძირითადად არის ოთხი კომპონენტი: სახელმწიფო ქონების გადაცემა, საბანკო სერთიფიცირება, თანაგარანტირების უზრუნველყოფა და ასევე კონსულტაციების ნაწილში დახმარება. ვფიქრობ, ოთხივე კომპონენტი კომპლექსურად ძალიან დადებით შედეგს მოიტანს ქვეყნის ეკონომიკისთვის”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს პერსპექტივებს დადებითად აფასებენ საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც. როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ აღნიშნა, „ეს პროექტი განწირულია წარმატებისთვის“. ის დარწმუნებულია, „აწარმოე საქართველოში“ სერიოზული ხელშეწყობა იქნება მეწარმეებისთვის, საბანკო სექტორი კი მონდომებულია და მზადაა, აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები