არჩილ თალაკვაძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა” იღებს მონაწილეობას, შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერს, კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირების შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პარლამენტების ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებასა და აქტივობებზე, რომლებიც ამ მიმართულებით დაიგეგმება.

არჩილ თალაკვაძემ შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერს საკონსტიტუციო რეფორმითა და პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები გააცნო.

საუბარი, ასევე, შეეხო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობის პროცესსა და კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის დასკვნაში ასახული ყველა რეკომენდაცია.

ხაზი გაესვა საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციას, როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას და დასავლური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის მხარდაჭერა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

არჩილ თალაკვაძემ კერსტინ ლუნდგრენს შვედეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები