მამუკა ბახტაძე: გიორგი გაბუნიას მიმართვას ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ
„ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით წარმოთქმულ მიმართვას.
„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.
ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.