რუისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 14 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც დაშავებული თბილისში ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. დაშავებულთაგან ორი ისევ „გორმედის’ სამედიცინო ცენტრში რჩება.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი ადამიანი გადაყვანილი იყო „გორმედის“სამედიცინო ცენტრში, მათგან ორი არასრულწლოვანია. ამის შესახებ „კვირას“, „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ყაზაიშვილმა განუცხადა.
“გორმედში შემოყვანილია სულ სამი დაშავებული. აქედან ორი დაშავებული არასრულწლოვანია. 14 წლის ბიჭს კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნება, ხოლო 16 წლის გოგონას ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული. იგეგმება ბიჭის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განუცხადა “კვირას” დავით ყაზაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულები კი სამედიცინო დახმარების ცენტრებში გადაიყვანეს. ავტომობილი, რომელშიც 8 ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები