“ცხოვრების გზაზე ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ ადამიანს ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება ხვდება, ამ დროს საჭიროა მისი დახმარება და სულიერი შეწევნა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღე მიულოცა.
„გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს. მისი ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ. როგორც იცით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები უშვილონი იყვნენ. როცა ერთ-ერთი მსახურების დროს მისი მამა, ზაქარია ასრულებდა მღვდელმსახურებას, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: შენ გეყოლება შვილი და დაარქმევ სახელსა იოანეს. ზაქარია და ელისაბედი მოხუცებული იყვნენ, ვერ დაიჯერეს, რომ შვილი ეყოლებოდათ და მან დაკარგა მეტყველება. მართლაც მოხდა სასწაული და ეყოლათ შვილი, დაარქვეს სახელად იოანე. ეს სასწაული, ღვთის მითითება იყო.
წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის სინანულის მქადაგებელი და ყოველი ადამიანი უნდა იყოს მისი ლოცვის ქვეშ. როცა იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ხალხს იორდანეში, გამოჩნდა უფალი იესო ქრისტე და იოანემ იწინასწარმეტყველა: „აჰა, კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა“.
ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყოს ჩვენი მფარველი. შეგვაძლებინოს, რომ მტკიცედ განვვლოთ ცხოვრების გზა. ცხოვრების გზა არც ისე იოლია. მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის ასეთი შემწე. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები