საქართველოში ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება

სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, საქართველოში ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ფილმის გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა, რომლებიც საქართველოს 26 აპრილიდან 2 მაისამდე სტუმრობდნენ.

ამერიკულ დელეგაციას პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობდა. ცნობილია, რომ კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ.

პროგრამას – „გადაიღე საქართველოში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორციელებს. პროგრამის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო და ვიზუალური პროდუქციის შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის უკან დაბრუნებას სთავაზობენ.

„აღსანიშნავია, რომ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც შემოსული 26 განაცხადი მოწმობს. მათგან გადაღებები უკვე დასრულდა 15 პროექტზე, 11 პროექტზე კი ჯერ ისევ მიმდინარეობს. პროგრამის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 67 მილიონი ლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი 8000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები