ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური პრობლემების შექმნა სწორედ იმ პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან

„მე ვშიშობ, რომ არ გამოიყენოს ზოგიერთმა ძალამ, მათ შორის, თქვენი სამართლიანი თხოვნები სპეკულაციებისთვის“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური პრობლემების შექმნა სწორედ იმ პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, რომლებიც ასეთ დესტრუქციულ პროცესებს ქმნიან ქვეყანაში, საკითხს აყენებენ აბსოლუტურად არასწორად და ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ, რომ ფოკუსი არიონ და წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, რომ რაღაც ალტერნატივები გვაქვს, ერთი მხრივ, ალტერნატივაა ტერიტორიული მთლიანობა და მეორე მხრივ, ბაზრები ან ეკონომიკური კეთილდღეობა. ასე საკითხის დასმა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა და მოდის სწორედ მათი ინტერესიდან, ვისაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების შექმნა რეალურად სურთ. ეს ცალსახაა, მათი ერთადერთი ამოცანა და დღის წესრიგი უკავშირდება ეკონომიკური პრობლემების შექმნას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას პირდაპირ, იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმა მიუღებელია განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, განსხვავებით პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც თვითონაც დიდწილად არიან თანამონაწილეები და პასუხისმგებლები იმაზე, რა სიტუაციაც გვაქვს, მათ შორის ოკუპაციის გაძლიერებაზე.

ჩვენთან პრობლემები დაიწყო უფრო ადრე, 90-იანი წლებიდან. ცალსახაა, მაგრამ გართულებული და გაუარესებული პოლიტიკური ვითარება ზუსტად მათი მმართველობის პერიოდში მივიღეთ. მათი თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობა ცალსახაა და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაექცევიან.

მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი ბაზრების გახსნაზე ან სავაჭრო-კომერციული თუ კულტურული კავშირების აღდგენაზე და სხვა ტიპის თანამშრომლობაზე, არცერთ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არ ყოფილა კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის თუ უგულებელყოფის ხარჯზე არ მომხდარა არცერთი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ჩვენ ცალსახად თავშივე, როდესაც ეს იყო ბატონი ზურაბ აბაშიძის ფორმატი, თუ ნებისმიერი სხვა, იგივე ჟენევის მოლაპარაკებები, საერთაშორისოდ მიღებული ფორმატები, აღვნიშნეთ და ვთქვით, რომ არსებობს წითელი ხაზები. რადგანაც ამისთვის მზად არ ვართ – ჩვენ მზად ვართ, მაგრამ შეიძლება არ იყოს მზად მეორე მხარე – ამ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ საკითხს არ ვეხებით, ვეხებით სავაჭრო ურთიერთობებს. ეს არის ცალსახად აღსანიშნავი დღევანდელ შეხვედრაზეც.

მე ვშიშობ, რომ არ გამოიყენოს ზოგიერთმა ძალამ, მათ შორის, თქვენი სამართლიანი თხოვნები სპეკულაციებისთვის. ამ დარბაზში შიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ღირებულებების ნაწილში ან სამშობლოს სიყვარულში ან სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობის ნაწილში სხვა დამოკიდებულებები ჰქონდეს. ჩვენ ვსაუბრობთ პრაგმატულ დამოკიდებულებაზე, გადაწყვეტილებებზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ბიზნესმენი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია თავის ქვეყნის წინაშე, ის ეკონომიკური რისკის წინაშე დგას ქვეყნის სტაბილურობის მიმართ. მას თავისი ფინანსური რისკები და პასუხისმგებლობები გააჩნია, ეს არ არის მხოლოდ საუბრები, ამის უკან რეალურად მატერიალური პასუხისმგებლობაც დგას და ამ შემთხვევაში, გვესმის, რომ თქვენი მხრიდან მოთხოვნები განსაკუთრებულია და საკმაოდ ლეგიტიმური“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.​

​ცნობისათვის, მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან. შეხვედრა გურჯაანში, კულტურის ცენტრში მიმდინარეობს, სადაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები