ანზორ ბერიძე: 90 პროცენტი ჯავშნებისა გაუქმდა, რამაც დიდი ზარალი მოგვაყენა
“90 პროცენტი ჯავშნებისა გაუქმდა, რამაც დიდი ზარალი მოგვაყენა”,- ამის შესახებ “ბაბანეურის მარნის” დამფუძნებელმა, ანზორ ბერიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, წლევანდელ აქტიურ ტურისტულ სეზონზე მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნილი იყო და განვითარებული მოვლენების გამო, ჯავშნების უმეტესობა გაუქმდა, რამაც დიდი ზარალი მიაყენა.
„ტურისტულ სეზონზე, სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნილი იყო და ჯავშნის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ, თითქმის 90 პროცენტი ჯავშნებისა გაუქმდა, რამაც, რა თქმა უნდა, დიდი ზარალი მოგვაყენა”, – აღნიშნა ანზორ ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან. შეხვედრა გურჯაანში, კულტურის ცენტრში მიმდინარეობს, სადაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გამოწვევებს განიხილავენ.
შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრება.