საკონსტიტუციო სასამართლომ “112”-ის გადასახადი არაკონსტიტუციურად ცნო
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო “112”-ის გადასახადი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრია. შესაბამისი სარჩელით სასმართლოს იურისტმა ლევან ალაფიშვილმა და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფმა” მიმართა.
“კონსტიტუციური სარჩელი №1279 („ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი: ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.