პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს პარლამენტის აპარატში ექვსთვიანი სტაჟირების შემდეგ, ორ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდას პარლამენტი შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებს.
შესარჩევი კონკურსის შედეგად შერჩეულმა 26-მა ახალგაზრდამ პარლამენტში სტაჟირების განახლებული ექვსთვიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტაჟირების განახლებული ექვსკვირიანი პროგრამა ხუთკვირიან სასწავლო საბაზისო პროგრამას, შუალედური ტესტირებას, პარლამენტის აპარატის სტრუქტურებში პრაქტიკული პროგრამას, მენტორების შეფასებებს, პრეზენტაციებს, პროექტებში მონაწილეობასა და ბოლოს დასკვნითი ტესტირებას მოიცავს.
ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მან ახალგაზრდებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პარლამენტში სტაჟირების პროცესის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ახალგაზრდებს მრავალმხრივი გამოცდილება შესძინა.
გიორგი ვოლსკიმ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ საკადრო ბანკი, რომლის შექმნაც იგეგმება, ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყობს ხელს.
სტაჟიორებს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემაც მიმართა.
„ექვსი თვის თავზე ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები და იმის მტკიცებულება, რომ თქვენ ღირსეულად დაძლიეთ ეს ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და ძალიან ბევრის მომცემი სტაჟირების პროცესი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, გასული წლის ოქტომბრიდან სტაჟირების პროგრამის გაუმჯობესებისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. გივი მიქანაძის განცხადებით, ეს პირველი ჯგუფია, რომელმაც სრულყოფილი სტაჟირების პროცესი გაიარა პარლამენტის აპარატში. აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ მათ ყველა ის სიძნელე გადალახეს გამოცდებით, მენტორინგის შესაბამისი ანგარიშების ჩაბარებით, რამაც იდეალური შედეგი გამოიღო.
„ამაში თქვენი, სტაჟირების წარმატებით დამთავრებულთა ძალიან დიდი ხვედრითი წილია. ამისთვის მე მსურს, მადლობა გითხრათ პირადად იმიტომ, რომ ის მიზანი, ის გათვლა, რომ ამ სტაჟირების პროცესს ხარისხზე ორიენტაცია უნდა ჰქონოდა, თქვენ დაამტკიცეთ, რომ შესაძლებელია“, – მიმართა გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს.
პარლამენტის აპარატის უფროსმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს და აპარატის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სტაჟირების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული და ხელს უწყობდნენ ახალგაზრდების უნარების განვითარებასა და დამატებითი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას.
„მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა ორ ადამიანს გადავუხადო – ბატონ ირაკლი კობახიძესა და ბატონ არჩილ თალაკვაძეს. ეს პროცესი ბატონ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის დროს დაიწყო, მისი ხელშეწყობითა და მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ამგვარი რთული, მაგრამ ხარისხზე ორიენტირებული სტაჟირების პროცესი შემოგვეღო. რომლის დასრულების ეტაპი უნდა ყოფილიყო ორი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდის ერთი წლით პარლამენტში დატოვება და იმ სტრუქტურებში მუშაობის გაგრძელება, სადაც მათ სტაჟირება გაიარეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტაჟირების პროგრამას, ასევე, დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ – არჩილ თალაკვაძემ, რაც ახალგაზრდებთან არაფორმალურ გარემოში გამართული შეხვედრითაც გამოიხატა, სადაც სწორედ ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის აპარატის უფროსმა წარმატებები უსურვა სტაჟიორების ახალი ნაკადის 15 ახალგაზრდას, რომელიც 8 ივლისიდან იწყებს სტაჟირებას პარლამენტში.
გივი მიქანაძის განაცხადებით, სამომავლოდ პარლამენტში შეიქმნება სტაჟირების კურსდამთავრებულთა საზოგადოება, რომელშიც გაწევრიანდება სტაჟირებაგავლილი ყველა ახალგაზრდა. პარლამენტის ხელმძღვანელობა მათ, შესაბამისი რეკომენდაციით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გამოცხადებული კონკურსების დროს მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევს.
ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარინე ასათიანის თქმით, პარლამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის ინსტიტუტი ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის.
„აღსანიშნავია, რომ სტაჟირების ასეთი წარმატებული და ნაყოფიერი პროცესი, როგორიც ახლაა, ფაქტობრივად, არ ყოფილა“, – განაცხადა მარინე ასათიანმა.
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების წარმატებით გავლისთვის ახალგაზრდებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.