„შესაძლოა, მოხდეს პროვოკაცია“ – ზვიად ტომარაძე საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრის გაუქმებას ითხოვს

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი, ზვიად ტომარაძე „საქართველოს რაგბის კავშირს“ მიმართავს. ტომარაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების საქართველოში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა უნდა გაუქმდეს. როგორც ზვიად ტომარაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს პროვოკაციების საფრთხე.
„როგორც ცნობილია, 27 აგვისტოს დაგეგმილია ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის. დავიწყებ იმით, რომ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები ამხანაგურ თამაშებს არ თამაშობენ. სპორტული თვალსაზრისით, რუსეთის ნაკრებთან თამაში ბევრი არაფრისმომცემია ჩვენთვის, რადგან 1994 წლიდან მოყოლებული ამ გუნდთან, გარდა ერთი შემთხვევისა, სულ ვიმარჯვებთ. ის ერთი შემთხვევაც ფრედ დამთავრდა.
ვიცით, რა მდგომარეობაცაა დღეს, რა ფონია საზოგადოებაში. შესაძლოა, მოხდეს გარკვეული პროვოკაცია და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა. ისიც სათქმელია, რომ რაგბი ცოტა განსხვავებული თამაშია, იგივე, ფეხბურთისა და კალათბურთისგან, უფრო ჯენტლმენურია, თუნდაც, კორიდორის გაკეთება, „მესამე“ ტაიმი . გარდა ამისა, ჩვენს მორაგბეებს რუს მორაგბეებთან აკავშირებთ რაღაც ურთიერთობები. რუსეთის მორაგბეთა ნაკრები ერთადერთი ნაკრები იყო, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამძიმრის წერილიც კი გამოგვიგზავნა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ „საქართველოს რაგბის კავშირმა“ ეს თამაში უნდა გააუქმოს. შესაძლოა, პროვოკაცია დაგეგმილი არც იყოს , მაგრამ ისეთი ფონია საზოგადოებაში, შეიძლება, თავისთავად მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი რამ, რომელმაც შესაძლოა დააზარალოს, როგორც სპორტული კუთხე, ჩვენი რაგბი, ასევე – ზოგადად, ქვეყანაც. გარდა ამისა, არ არის უცხო ჩვენთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ქცეულია უცხო ქვეყნების აგენტურის სათარეშოდ და შესაძლოა, ისინიც იყვნენ დაინტერესებულნი ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაუარესებით.
როგორც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით მოთხოვნა მსოფლიო რაგბისგან იყო. ეს განაცხადა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა სვანაძემ. თუმცა ეს არ არის დირექტივა, ეს არის თხოვნა. ადვილად შეგვიძლია, მსოფლიო რაგბის განვუმარტოთ , თუ რა მდგომარეობაა 2 ქვეყანას შორის. სრული უფლება გვაქვს, გავაუქმოთ ეს თამაში”, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები