„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გუნდის მიერ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ მომზადებული პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა. დადგენილება 5 პუნქტისაგან შედგება.
“პირველ პუნქტის თანახმად, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეის სესია უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.
მეორე პუნქტის თანახმად, უნდა დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან თანამშრომლობით, მოამზადოს იმ რუსი პოლიტიკოსების სია, რომელთა ვიზიტი საქართველოში არ იქნება მიზანშეწონილი მიუხედავად იმისა, ფორმალურად აქვთ თუ არა მათ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
მესამე პუნქტის მიხედვით, უნდა დაევალოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, დაიწყონ მოსმენები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესასწავლად და დაადგინონ იმ პირთა წრე, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სერგეი გავრილოვის ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე – 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ბრძანების გაცემაზე. შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც მომხდარში დაადანაშაულა საქართველოს პარლამენტის წევრი, ნიკანორ მელია და, შესაბამისად, ითანამშრომლა რუსულ მხარესთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაძევებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი. აღნიშნულ სიაში შეყვანილ უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას.
ამასთან, დადგენილების პროექტის მეოთხე პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უნდა დაადგინოს საერთაშორისო სანქციების ჩამონათვალი, რომლის მიღებაც მიზანშეწონილი იქნება აღნიშნული დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირთა წრის მიმართ.
მეხუთე პუნქტის მიხედვით კი საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, დადგენილების მიღებიდან ორი თვის ვადაში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად უნდა წარუდგინონ დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთა სია და სანქციები, რომლის მოთხოვნითაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
ცნობისათვის, „ნაციონალურ მოძრაობა“ დადგენილების პროექტს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.