ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილების თანახმად, დღეიდან თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა – ამ დარღვევისთვის მოქალაქე ხუთი ლარის ნაცვლად უკვე 20 ლარით დაჯარიმდება.
ხოლო რაც შეეხება საურავს, რომელიც 30 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობისთვის მოქმედებს – ის შემცირდა და 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი გახდა.
სიახლეა ბილეთის აღების წესშიც: მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, დაჯარიმდეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, აღნიშნული სიახლის შესახებ ავტობუსებში უკვე გაკრულია საინფორმაციო სტიკერები. გარდა ამისა, ცვლილებების შესახებ მგზავრებს კონდუქტორებიც უხსნიან.