ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ხარისხის კონტროლის 6 თვის მონაცემები გამოაქვეყნა
ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა. ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა.
როგორც “კვირას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამასთან ერთად, სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, შემოწმება 28 კომპანიაში ჩატარდა, საიდანაც აღებული იყო 1000-მდე ნიმუში. მათივე ინფორმაციით, 7 კომპანიაში გარკვეული სახის დარღვევები აღმოჩნდა, რაზეც კანონით განსაზღვრული ქმედებები განხორციელდა.
ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 120 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 4640 ნიმუში, მათგან 415 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი – დადებითად.